მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი - თამარ გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისათვის კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ საავადმყოფოებში 6 000-მდე საწოლია მობილიზებული.

„გუშინ დაემატა კიდევ საწოლები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე აღარ მონაწილეობდნენ პროგრამაში იმის გამო, რომ შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე მობილიზდა დამატებით ბავშვთა საწოლები“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ ქიმიურ რისკფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე გარკვეული შეფერხება არსებობს კოვიდ სასტუმროებში იმ პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ:

„არის ბევრი მსუბუქი უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და უკვე დამატებით სასტუმროების მობილიზებაც ხდება. დღეს დაემატა 2 სასტუმრო და ასევე კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან იმისთვის, რომ სასტუმროები კიდევ დაემატოს, რადგან სრულიად გაუმართლებელია მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია და არც ჰოსპიტალური შესაძლებლობა იძლევა ამის საშუალებას“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google