კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 572 პედაგოგია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 22 ივლისის სტატისტიკის მონაცემებთ, იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე ვაქცინაცია სკოლის პედაგოგებიდან მხოლოდ 572-მა ადამიანმა ჩაიტარა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში დისტანციური სწავლების შემოღება გამოსავალი არ იქნება, გამოსავალი არის მხოლოდ ვაქცინაცია.

„იმ პირობებში, როცა დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი მთავარი რეკომენდაცია და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის, რომ დარჩენილი ივლისის და აგვისტოს თვეები, სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის. იმისათვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წლის დაწყებას უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა სკოლის პირობებში გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა, პრობლემის გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და თხოვნა მექნება ყველასთვის, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს, დღეს არის ამის შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google