სკოლის სამედიცინო კაბინეტში დასაქმებულის ანაზღაურება 470 ლარი იქნება
მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარი გამოიყოფა.

შესაბამისი დადგენილება, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარის ოდენობითა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.


როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დღეისათვის, საჯარო სკოლის 2500 შენობიდან სამედიცინო კაბინეტი 532-ში ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. ასევე, დღეის მდგომარეობით, სკოლის ექიმი სკოლის შტატგარეშე თანამშრომელია, რომლის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს.

| Print |
FaceBook Twitter Google