თუკი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ათვისებას შევძლებთ, მოხდება ეპიდემიის შეკავება- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუკი საქართველოს მოსახლეობა სექტემბრისთვის ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ათვისებას შეძლებს, მოხდება ეპიდემიის შეკავება და ქვეყანაში აღარ იქნება მეოთხე ტალღა.

„მილიონ ნახევარი კიდევ სხვა ვაქცინაა ქვეყანაში, რომელსაც ასევე, კარგი დამცველობითი უნარი აქვს ყველაზე მძიმე გართულებებისგან, როგორიც არის ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, სიკვდილიანობა. ამიტომ, უკვე სამნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი იქნება ქვეყანაში, მომავალი ორი თვის განმავლობაში. ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ. აცრა, პირველ რიგში, დაგიცავთ თქვენ, მეორე - აცრა დაიცავს თქვენს ირგვლივ მყოფებს და ყველა თქვენს მეგობარს. ასე რომ, არ გაავრცელებთ ინფექციას“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო. 13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩამოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google