პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე მესამე ცდაზეც ვერ აირჩია
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ უყარეს კენჭი. თუმცა, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი არჩევა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა.

ცესკოს თავმჯდომარეობის ერთმა კანდიდატმა - გიორგი კალანდარიშვილმა 81 დეპუტატის ხმა მიიღო, 7 წინააღმდეგი იყო, მეორე კანდიდატს - გიორგი სანტურიანს 3-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 8-მ მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატთა ხმებს: გია ცაცაშვილი - 77 მომხრე, 7 წინააღმდეგი; ლელა ტალიური - 17 მომხრე, 0 წინააღმდეგი; თამარ სართანია - 14 მომხრე, 5 წინააღმდეგი, მაია ზარიძე - 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

რადგან დეპუტატებმა თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ შეძლეს, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
რადგან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი 30 ივნისს გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google