2022 წლიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება
საქართველოში მოპედის რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება. ცვლილება შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში და ის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდება.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის მარტიდან გახდება.

“დღეს მოპედის რეგისტრაცია არ ხდება, არ გააჩნია არც ნომერი. ნებისმიერ ადამიანს ველოსიპედის მსგავსად შეუძლია მოპედი მაღაზიაში შეიძინოს და მართოს. წარმოდგენილი ცვლილებებით, ადამიანს, ვისაც სურს, რომ მოპედი მართოს, მართვის მოწმობის აღება მოუწევს - ეს AM კატეგორიის ახალი მოწმება იქნება, თუმცა თუკი აქვს ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა, მიენიჭება უფლება, მოპედი მართოს“, - განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.
კანონპროექტის თანახმად, ხდება მართვის მოწმობის ახალი კატეგორიების დამატება – AM-ის და A2-ის. AM კატეგორიაში გავა მოპედები, ხოლო A2 კატეგორიაში საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.

მოპედების მართვის უფლება ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას.

| Print |
FaceBook Twitter Google