მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება
„იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს“, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა.

პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის 2 მილიონი დოზა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს და მოქალაქეებს აცრის შესაძლებლობა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპითაც შეეძლოთ. საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 13 800 აცრა; ხოლო დღეს დაგეგმილია 14 300 აცრა.

საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, როგორც დამატებითი საწოლების მობილიზება, ისე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვის მიზნით. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს კლინიკური სასტუმროებისა და ოთახების დამატებით მობილიზებას, რათა ეფექტურად გაგრძელდეს კოვიდინფიცირებულთა იზოლაციის პროცესი და გაწყდეს ვირუსის გადაცემის ჯაჭვი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ზედმიწევნით დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე - ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

| Print |
FaceBook Twitter Google