როდის გაიხსნება გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი
ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი, რომლის მშენებლობაც გურჯაანში 2019 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.
როგორც ცხოველთა მართვის სააგენტოს ახლადდანიშნულმა უფროსმა თეიმურაზ ზავრაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განმარტა, მისი გახსნა სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.
„ამჟამად მიდის იურიდიული საკითხების ბოლომდე მოგვარება. ჯერჯერობით აქ მარტო შენობაა - არც ტექნიკაა და არც ხელსაწყოები. თავშესაფარი რვა მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა და სწორედ აქედან მოხდება თანხების მოზიდვა. უნდა გამოვაცხადოთ ელექტრონული ტენდერები, რომ დაკომპლექტდეს უპირველეს ყოვლისა სპეციალური აღჭურვილობით, საკვებით, მედიკამენტებით და ა.შ. აგვისტოს ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ რაღაც მაინც გავაწყოთ. “

მისივე თქმით, თავშესაფარში 18 თანამშრომელი დასაქმდება.
„აქ მოხდება ცხოველების სტერილიზაცია, მკურნალობა. ეს არ იქნება ადგილი, სადაც შეინახავენ ცხოველებს. მაქსიმალური ვადა, რომლითაც შეიძლება განათავსო ცხოველი გამოჯანმრთელებამდე, იქნება ექვსი დღე. სააგენტოში თავდაპირველად 18 ადამიანი დასაქმდება: მძღოლები, ძაღლმჭერი და მისი თანაშემწე, ვოლიერების მომვლელები, ვეტექიმი, ექიმი და ა.შ. “

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი, რომლის მშენებლობაზეც 2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რეგიონის 8-ვე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

| Print |
FaceBook Twitter Google