წელს ყურძნის ფასი 90 თეთრი იქნება - პრემიერი
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთვლის სუბსიდირების პროგრამას წელსაც დააფინანსებს.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში იქნება ყურძნის ჭარბი მოსავალი, დაახლოებით 300 000 ტონა და ჭარბი მოსავლის გამო, ღვინის კომპანიების მხრიდან დაიკლებს თეთრ ყურძენზე მოთხოვნა. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ამ გარემოების და პოსტპანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რთვლის სუბსიდირება წელსაც მოხდება, კილოგრამი რქაწითელი ეღირება არანაკლებ 90 თეთრი და „აქედან სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებენ კომპანიები 35 თეთრს“.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით,
იქიდან გამომდინარე, რომ არსებული გეგმით, ათ წელიწადში ღვინის ექსპორტი უნდა გასამმაგდეს, საჭიროა ნედლეულის ბაზის გაზრდის ხელშეწყობა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერვენცია უწევს, რათა დააბალანსოს ფასები, ფერმერების შრომის ანაზღაურება იყოს ადეკვატურთან მიახლოებული, არ განიცადონ ზარალი, მოტივაცია შეინარჩუნონ და მევენახე-ფერმერებს და კომპანიებს შეუმსუბუქონ კოვიდპანდემიის შედეგები.

დავითაშვილის ინფორმაციით, სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 100 მილიონი ლარი.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთვლის სუბსიდირების პროგრამა რამდენიმე წელია ფინანსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google