აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება ერთ კვირაში დასრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფიო გორგოძის განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აბიტურიენტების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდება.

„მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება შედეგები ყველა საგანში, ამის შემდეგ დაიწყება უკვე სააპელაციო პროცესი. სააპელაციო პროცესი იწყება ერთდროულად, სავარაუდოდ ეს მოხდება შემდეგ კვირას, როდესაც მოხდება, ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნება. აპელაციების მიღება გრძელდება სამი დღე. აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ და თვალი ადევნონ ჩვენს ვებ-გვერდს, ვიანიდან მხოლოდ სამი დღე აქვთ, რომ შემოიტანონ განაცხადი, თუკი ფიქრობენ რომ რომელიმე საგანი არ არის შესაბამისად შეფასებული“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქულების გათანაბრება აპელაციების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოხდება, რის შემდეგაც აბიტურიენტებს მხოლოდ ერთი დღე ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების შესატანად.

გამოცდების შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

| Print |
FaceBook Twitter Google