ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 4 033 836 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 3%-ით მეტია.

კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 64 216 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 8%-ითაა შემცირებული. ამასთან, რეგიონების მიხედვით, ბოლო კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად, 48%-ით მოიმატა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და 31%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სადაც 30%-ზე მეტით გაიზარდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობაც. მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის გარდა(+9%), ინფიცირების შემთხვევებმა შედარებით იკლო.

წინა შვიდ დღესთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 29%-ით შემცირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და 2%-ით ევროპაში. დანარჩენ რეგიონებში ვითარება თითქმის უცვლელი იყო. WHO-ს მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის დელტა, ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა კიდევ 3 ქვეყანაში. სულ ასეთი ქვეყნების რიცხვი 135-ია.

| Print |
FaceBook Twitter Google