გურჯაანის მერი მოადგილეების გარეშე დარჩა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სიმონ ქოჩორაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით გუშინ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, პოლიტიკურ პარტია „საქართველოდან“ გურჯაანის მერობის კანდიდატად მოიაზრება.
„ვფიქრობ, რომ ჩემი თავი ამოვწურე მერიაში. რაც ჩაფიქრებული მქონდა მუნიციპალიტეტისთვის, შეძლებისდაგვარად გავაკეთე, იმის იქით, რაც ვეღარ შევძელი, ვეცდები, ამ გუნდთან ერთად განვახორციელო. “ - გვითხრა მან.

სიმონ ქოჩორაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეების გარეშე დარჩა. რამდენიმე კვირის წინ თანამდებობა თეიმურაზ ზავრაშვილმაც დატოვა, რომელიც გურჯაანში არსებულ ცხოველთა რეგიონულ თავშესაფარს უხელმძღვანელებს. მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ქოჩორაშვილის წასვლა მისთვის მოულოდნელი იყო.

„გუშინ დილით დამხვდა განცხადება და ეს ჩემთვის მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. სად გადავიდა და როგორ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ მის მაგივრად. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი იქნება, თუ გახარიას პარტიაში გადასვლის ფაქტი დადასტურდა, რადგან ჩვენ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ. რაც შეეხება ახალ კადრს, გავდივარ კონსულტაციებს. მერს რომ აირჩევენ, თავისთავად იქნება ახალი გუნდიც. ასე უცბად და ორი თვით მოადგილის პოზიციის შეთავაზება, უხერული მომენტი იქნება ყველასთვის.“

მისივე თქმით, სამსახურის უფროსები იმდენად ძლიერები არიან, რომ გურჯაანელებისთვის მერის მოადგილეების არყოფნა არანაირ დისკომფორტს არ შექმნის.



| Print |
FaceBook Twitter Google