ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი სხვა ენებზე ვერ ითარგმნება–ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მრავალი საინფორმაციო შეხვედრა და ბროშურა მზადდება, ვაქცინაციაზე რეგისტრაცია კი ეს მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება შესაძლებელი.

მინისტრის განმარტებით, არსებობს ტექნიკური დეტალები, რაც სარეგისტრაციო პორტალ Booking.moh.gov.ge–ს არ აძლევს საშუალებას, გარდა ქართულ და ინგლისური ენებისა სხვა ენებიც დაემატოს.

„რაც შეეხება სარეგისტრაციო პორტალს, ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომელიც სხვა ენაზე, გარდა ინგლისურისა და ქართულისა ვერ იქნება ნათარგმნი. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გააჩნია ყველა საინფორმაციო ბროშურა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქართულად სამწუხაროდ არ საუბრობენ და მათ რა თქმა უნდა მოვაწვდით ყველა ინფორმაციას იმ ენაზე, რომელიც არის მათთვის მისაღები და გასაგები", – განმარტა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის გასაზრდელად, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრები მაღალმთიან აჭარაში, რაც მომავალში ჯავახეთის რეგიონშიც დაორგანიზდება.

„ჯანდაცვის სამინისტრო სულ უფრო და უფრო აფართოვებს იმ ლოკაციებს, სადაც ჩვენი მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება ხელმსიაწვდომი და როგორც სხვა რეგიონებში, ისე ჯავახეთის რეგიონშიც იქნება შესაძლებლობა „ფაიზერით“ ვაქციანციის პროცესში აქტიური ჩართვა. რათქმაუნდა ჯავახეთის რეგიონშიც მოსახლეობას ექნება საშუალება პირდაპირ პროფესიონალებს დაუსვან ის შეკითხვები, რაც მათ გააჩნიათ, რითაც გაიზრდება ნდობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში“,– განმარტა მან.



| Print |
FaceBook Twitter Google