უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362 აბიტურიენტმა მიიღო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, სწავლის გაგრძელების უფლება 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა და შესაბამისად, რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% გახდა სტუდენტი.

როგორც გორგოძე აღნიშნავს, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, საიდანაც სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა, 4 224 აბიტურიენტი კი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე გააგრძელებს სწავლას.

„დღეს დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში. 2021 წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% გახდა სტუდენტი. ეს პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ემთხვევა გასული წლის მაჩვენებელს (75%). პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას. “,- განაცხადა გორგოძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google