საქართველოში 105 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულია
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სისტემაში კოვიდინფიცირებული 105 მსჯავრდებულია. უწყების ინფორმაციით, შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა.

პროტოკოლის მიხედვით , მიმღებ ციხეებში ახლადდაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან . მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

ამჟამად, 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისის ერთ- ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული , თუმცა ამათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება .39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია .

სპეცილური პენიტენციური სამსახური განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია.

| Print |
FaceBook Twitter Google