შანაი ბრუკის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყებაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა.მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი. ასევე, ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ნანახი იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. გამომძიებლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ - კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი ნივთი და ბიოლოგიური კვლები. ასევე, ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google