რა შემთხვევაში არ გაგეთიშებათ ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) განმარტავს რამდენიმე მიზეზს, რა შემთხვევაშიც მომხმარებლებს გადაუხდელობის მიზეზით ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდებათ.

კერძოდ, სემეკში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გადაუხდელობის გამო ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათს და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს. ასევე, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში, ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ აქვს, თუ აბონენტის მიერ გადახდილი საფასური 2 ლარით ნაკლებია სრულ ოდენობაზე.

ასევე, გადაუხდელობის გამო ელექტრომიმწოდებელი კომპანია არ არის უფლებამოსილი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს მომხმარებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს დეპოზიტი. აღნიშნული არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც დროებით სარგებლობენ უძრავი ქონებით ან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი).

ამასთან, სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი ტიპის დარღვევის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

| Print |
FaceBook Twitter Google