დღეს ალავერდობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდა მამა იოსებ ალავერდელს იხსენებს.


წმ. იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა“.

აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

წმიდა იოსები დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძღვარიც და მოძღვარიც.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.

მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალავერდობა /