ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველას მაქსიმალურად დროულად გადაეცეთ ბინები და ფულადი კომპენსაცია -ირაკლი ღარიბაშვილი
აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და, ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლებაც, მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, რომ მაქსიმალურად დროულად, ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამასთან, ფულადი კომპენსაციებიც.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, დაღუპულთა პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება აუცილებლად დაადგენს, რა გახდა ნგრევის მიზეზი.

„მოგეხსნებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც ამ დანაშაულში იკვეთება. გამოძიება გასცემს პასუხს, ეს გულგრილობა იყო, გაუფრთხილებლობა თუ უბედური შემთხვევა, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.26 მაისის ქუჩაზე კი, იმ ადგილას, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. შეკრებილები იხსენებენ 8 ოქტომბრის ტრაგედიას და მძიმე წუთებზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი 9 ოქტომბერს, დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google