დენის სუბსიდირება მიზნობრივ ჯგუფებს შეეხებათ – ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წელს კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირება შენარჩუნდება, თუმცა ეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება.

„როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეუწონლად მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან ჯამში შვიდი თვით გაათავისუფლეს. მაშინ შეღავათი შეეხო იმ მცხოვრებლებს, რომლებიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google