საქართველოში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 17 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 2 260 ადამიანი. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრის დასაწყისიდან. ოქტომბერში ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა. დანარჩენ დღეებში, სხვადასხვა დროს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3000-დან 8000-მდე იყო, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

განსაკუთრებით შემცირდა პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი. ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, სულ მცირე ერთი დოზით აცრილთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 600-ზე მეტით, ხოლო სრულად ვაქცინირებულების - 5300-ზე მეტით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 914 269 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.6%. სრულად ვაქცინირებულია - 902 660, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ია.

| Print |
FaceBook Twitter Google