საქართველოში "ვაქცინაციის მარათონი" დაიწყო
დღეიდან, საქართველოს დიდ სოფლებში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. პროცესი სხვადასხვა რეგიონში 50-მდე სოფელს მოიცავს.

უშუალოდ აცრამდე, რომელიც ნებაყოფლობითია, ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. მარათონის მიზანია კვლავ გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან დღიურად 10 ათასსაც კი ვერ აღწევს.

„ვაქცინაციის მარათონის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გამოაქვეყნა საგანგებო ვიდეომიმართვა, რომელშიც მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება და მეხუთე ტალღა დაწყებულია, თუმცა, შესაძლებელია მისი შეჩერება, რადგან დღეს ქვეყანას აქვს ეფექტური იარაღი - ვაქცინა, იმისთვის, რომ შეაკავოს პანდემია და გადარჩეს ათასობით ადამიანის სიცოცხლე. გამყრელიძემ ყველას მოუწოდა „ვაქცინაციის მარათონში" ჩაერთონ.

| Print |
FaceBook Twitter Google