სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. გამოძიების ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი საქართველოში რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით შემოვიდა.

პროკურორმა მას ბრალი გუშინ, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში, ადვოკატების თანდასწრებით წარუდგინა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

| Print |
FaceBook Twitter Google