მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მალე დადგება - ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ძალიან მალე დადგება. მისი შიმშილობა უკვე 20-დღიან მიჯნას გადასცდადა შეიძლება საათობრივად მისი მდგომარეობა დამძიმდეს.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება „დახტის თავის სიტყვაზე".
„რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას იქ მოვახდენთო. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში. ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც ციხის ადმინისტრაციას წლების მანძილზე აქვს. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი პროვოკაციას აწყობენ და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ.გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი და ხელისუფლებას სურს მოაწყოს რაღაც „შუმოვკები" და პროვოკაციული სცენები. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც პენიტენციურ სამსახურს აქამდე ჰქონდა. ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, გადაჰყავს „ვივამედში" ან სხვა კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობები არსებობს - ვსაუბრობ სამოქალაქო დაწესებულებებზე. ის განცხადება, რომელიც რატი ბრეგაძემ გააკეთა, არის შეუძლებელი. თურმე, ეს ფარსი იმისთვის დადგა იუსტიციის სამინისტრომ, რომ შემდეგ მე-18 დაწესებულებაში, იქ, სადაც სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანები არიან, უნდა მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ხელისუფლების მხრიდან უღირსი ნაბიჯი", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძენ განაცხადა, რომ როდესაც დადგება ამის საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google