ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია და დასჯადი - კახა კუჭავა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ნებისმიერ ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა ნებისმიერი ადამიანისთვის დანაშაულია და იგი დასჯადია.

ამის შესახებ კუჭავამ მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აბსურდია აპელირება იმაზე, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს.

„საზღვრის უკანონო კვეთა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული არ არის. ეს ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისა და არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირ დარღვევაა, დანაშაულია. ამისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია, თუ ყოფილი პრეზიდენტი. ნებისმიერი პირის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სასჯელი სასამართლო პროცესის შესაბამისად დადგინდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია, საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის საზღვარზე - საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. ნამდვილად აბსურდია ამაზე აპელირება, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება, კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს“, - განაცხადა კუჭავამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული.

| Print |
FaceBook Twitter Google