მსოფლიოში კორონავირუსს, სავარაუდოდ, 80 000-180 000 სამედიცინო მუშაკი ემსხვერპლა- ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსს მსოფლიოში სავარაუდოდ, ჯანდაცვის სფეროსა და მზრუნველობის სახლების 80 000-180 000 მუშაკი ემსხვერპლა.


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს 135 მილიონი ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლისგან 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში კორონავირუსს, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სფეროსა და მზრუნველობის სახლების 80 000-180 000 მუშაკი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიაში პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს უნდა მიენიჭოთ.

„მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალოდ, ყოველ ხუთ ჯანდაცვის მუშაკს შორის ორი სრულად არის ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, ეს საშუალო მაჩვენებელი ნიღბავს უზარმაზარ განსხვავებებს სხვადასხვა რეგიონებს შორის. აფრიკაში ყოველ ათ ჯანდაცვის მუშაკზე ერთზე ნაკლები სრულად ვაქცინირებული პირი მოდის, მაშინ, როცა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების 80%-ი სრულადაა ვაქცინირებული,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ექიმი / ჯანმო /