პარტია „ლელო“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს
პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, საპატიმროში მყოფი, მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტში გადაიყვანონ. რისი რეკომენდაციაც სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო და რასაც იზიარებს სახალხო დამცველი.


„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. შესაბამისად, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ამ საკითხთან დაკავშირებული რისკები და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სააკაშვილს „არ აქვს არანაირი საჭიროება, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში“.

| Print |
FaceBook Twitter Google