დავით სონღულაშვილი: დღეს, ყველაზე დიდი ინოვაციები კომპიუტერულ ინჟინერიაში ხდება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარ თემასაც წელს „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ წარმოადგენდა.

პარლამენტის წევრი თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და ისაუბრა, როგორც ბლოკჩეინ პლატფორმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ასევე კლიმატის ცვლილებებზე, ეროვნულ ინოვაციურ სისტემასა და პანდემიაზე.

„დღეის მდგომარეობით, ბლოქჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პროდუქტებს, დაახლოებით 200 მლნ ადამიანი იყენებს, რაც ინტერნეტის გამოყენებას რომ შევადაროთ დაახლოებით 1997 წელია. არსებული პროგნოზებით, 2024-ში კრიპტო ტექნოლოგიების გამოყენება 1 მილიარდს, ხოლო 2030-ში 4 მილიარდს გაცდება. ამიტომ, ვფიქრობ, დღეს, ყველაზე დიდი ინოვაციები კომპიუტერულ ინჟინერიაში ხდება და შესაბამისად, ეს სექტორი ყველაზე სწრაფად იზრდება. დამწყები ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რთულია არსებულ ტრადიციულ ინდუსტრიებში (მშენებლობა, წარმოება, საბანკო სფერო და ა.შ.) თავის დამკვიდრება. გადაჯერებული ბაზარი, დიდი კონკურენცია და უამრავი ხელოვნური, თუ ბუნებრივი ბარიერი. ამ ტრადიციული ბიზნესმენების მმართველების დიდი უმეტესობა კი არ ფლობს ინფორმაციას რა ხდება კრიპტო სამყაროში და რამდენი შესაძლებლობა არსებობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სწორედ ბლოკჩეინ პლატფორმები იქნება, რომელმაც შეიძლება ფულადი ერთეული ჩაანაცვლოს, ნაწილობრივ მაინც. მაგალითისთვის, თქვენთვის ცნობილია, რომ ეროვნული ბანკი ელექტრონულ ლარზე მუშაობის პროცესში, საკმაოდ წინ არის უკვე წასული. ისეთი პატარა ქვეყნებისთვის და მათი მცირე ეკონომიკებისთვის, როგორიც საქართველოა, შეიძლება საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდეს და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ წყაროდ იქცეს, თუნდაც არა ჩანაცვლებადი აქტივები - იგივე NFT (ციფრული აქტივი, რომელსაც კრიპტოგრაფიულად მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი და დაბეჭდილია რომელიმე ბლოკჩეინ პლატფორმაზე), რომელიც უნიკალური ვაჭრობის ერთ-ერთი საშუალებაა,“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

დავით სონღულაშვილმა, კლიმატის ცვლილებასა და 2030 წლისთვის ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ნახშირორჟანგის CO2 და ნახშირჟანგის CO-ის გამოყოფის 37,5%-ით შემცირებას გულისხმობს.

„ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირმა 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის CO2 და ნახშირჟანგის CO-ის გამოყოფის 37,5%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაწილში, ვფიქრობ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ნახშირბადის ემისიის პრობლემას, რომელიც საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის თანმდევი პროდუქტია. კვლევები აჩვენებს, რომ ნახშირბადის გადასახადები (ე.წ. კარბონ ტაქსი) ეფექტურად ამცირებს ემისიებს და პარალელურად, ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ ნახშირბადის გადასახადები ყველაზე ეფექტური (დაბალი ღირებულების) გზაა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად. თავისთავად, ნახშირბადის გადასახადები, როგორც წესი, რეგრესიულია, ვინაიდან დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობები თავიანთი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავენ ემისიებით მძიმე საქონელსა და მომსახურებაზე, ვიდრე უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროცესების გამო, ეკონომიკის შენელების რისკი იზრდება, ჩვენთვის ეს ახალი შესაძლებლობების წყარო უნდა გახდეს. ახალი შესაძლებლობები იქნება განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან ჩვენს ქვეყანას მწვანე ეკონომიკის დიდი პოტენციალი აქვს, რაც ზრდის იმის ალბათობას რომ გახდეს მწვანე ენერგიისა და მწვანე პროდუქციის ექსპორტიორი. უდიდესი შესაძლებლობები გვაქვს როგორც ჰიდროენერგეტიკის, ასევე მზისა და ქარის ენერგიის მეშვეობით მწვანე პროდუქციის გამოშვების, რაც საბოლოო ჯამში კარბონ ფრი ანუ ნახშირბადისგან თავისუფალი პროდუქციის ევროპის ბაზარზე მიწოდებას გულისხმობს. ეს კი უკვე ახალ კონკურენტულ უპირატესობას სძენს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. ამ მიმართულებით არსებობს თითქმის თავისუფალი ნიშა, რომელიც არ გამორჩენიათ უმსხვილეს იაპონურ კორპორაციებს და ეს ნიშა აბსოლუტურად სუფთა, ე.წ. მწვანე წყალბადია. დასავლური და იაპონური კომპანიები ნავთობპროდუქტების ჩანაცვლების ახალ გზებზე ფიქრობენ და ჩვენ შეგვიძლია ფართო პლატფორმა შევთავაზოთ მწვანე წყალბადის საქართველოში წარმოების და მისი ექსპორტის სახით. მითუმეტეს მაშინ, როცა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გვაქვს ევროპასთან, ჩინეთთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, კონფერენციაზე, პარლამენტის წევრის მხრიდან გაჟღერდა ეროვნული ინოვაციური სისტემის შესახებ მისი მოსაზრება და პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში. როგორც თავად დეპუტატი აღნიშნავს „საჭიროა, როგორც მიწოდების ღირებულებათა ჯაჭვისა და ღირებულებათა ქსელის დიფერენცირება, აგრეთვე უსაფრთხოების მეტი სტანდარტისა და ნიშნულის შემოტანა ეკონომიკის მართვის საკითხებში“.

„საკითხს, რომელსაც უნდა ჩემი გამოსვლის დასკვნით ნაწილში, არაერთხელ განხილულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში. ეს ეროვნული ინოვაციური სისტემაა, რომლის ჩამოყალიბებისთვის არ კმარა მხოლოდ უნივერსიტეტის, მხოლოდ აკადემიურ წრეებში ასეთი, თითქოს თეორიული დისკუსიების წარმართვა. სამმაგი სპირალის კონცეფციის გამოყენება, რომელიც აღწერს სამი ინსტიტუტის (უნივერსიტეტები – სახელმწიფო – ბიზნესი) ურთიერთზემოქმედებას ინოვაციური პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე თავის თავზე სწორედ უნივერსიტეტებმა უნდა იტვირთონ და ლიდერისა და ბიძგის მიმცემის როლი უნდა გაითავისონ. არ უნდა დაელოდოთ არც ბიზნესს და არც სახელმწიფოს და პროაქტიული ქმედებით სპირალის ყველა კომპონენტი უნდა აამოქმედოთ. ერთის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს მეცნიერების კომერციალიზაციის საკითხს და მეორეს მხრივ, კვლევისა და განვითარების შედეგების პრაქტიკულ გამოყენებაზე საწარმოო და ბიზნეს საქმიანობაში. რაც შეეხება პანდემიის გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე, ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ მიღებული გამოცდილების მაგალითზე უნდა დაიწყოს შესაბამისი მომზადება პრევენციისთვის. პანდემიამ ბევრი ისეთი პრობლემა დაგვანახა, რომელიც აქამდე მხოლოდ მცირერიცხოვანი ეკონომისტების თავსატეხი იყო. საჭიროა, როგორც მიწოდების ღირებულებათა ჯაჭვისა და ღირებულებათა ქსელის დიფერენცირება, აგრეთვე უსაფრთხოების მეტი სტანდარტისა და ნიშნულის შემოტანა ეკონომიკის მართვის საკითხებში. ეკონომიკური დაცულობის ახალი პარამეტრები დაგვეხმარება ეკონომიკის კიდევ უფრო გახსნისთვის, რისთვისაც მუდმივი დაკვირვებაა საჭირო ლოგისტიკური ნაკადების ცვლილებაზე და უსაფრთხოების რკალების ჩამოყალიბებისთვის. მათ შორის, უპირველესად, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვით. აქეთ უნდა იყოს მიმართული მთავრობის და, რასაკვირველია, პარლამენტის სრული ძალისხმევა, რათა ახლადშექმნილ გარემოებებს ხელისუფლებამ, შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო ბაზით, წინმსწრები ნაბიჯებით უპასუხოს. და ეს პირველ რიგში, უნდა იყოს გარდამტეხი ინოვაციებით პასუხი და არა მხოლოდ არსებულ სიტუაცისთან გამკლავება,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

თსუ-ს VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სხდომის გახსნაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე და სხვა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google