არბოშიკში მცხოვრებ სპორტსმენს, სამუდამო პატიმრობა ემუქრება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ სპორტსმენს ვაჩე ცაკაშვილს, სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 23 წლის კალათბურთელს, გამოძიება, ტაილანდელი მასაჟისტის მკვლელობასა და კიდევ ერთი პირის დაჭრას ედავება.

ახალგაზრდა დედოფლისწყაროს საკალათბურთო გუნდის წევრი იყო, ბოლო პერიოდში კი, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცაკაშვილს 16- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის ღამეს ცაკაშვილი თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ტაილანდური მასაჟის სარელაქსაციო ცენტრში შევიდა და კარის გახსნისთანავე, ორი ადამიანი დაჭრა. 38 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეორეს კი ღრმა ჭრილობები, სახისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.
გარდაცვლილიცა და დაჭრილიც, უცხოეთის მოქალაქეები არიან, თავად ცაკაშვილი,.რომელიც სამართალდამცავებმა 1 ნოემბერს დააკავეს, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google