უახლოეს დღეებში 16 წელს ზემოთ პირებისთვის "ბუსტერი" დოზების გაკეთება დაიწყება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში 16 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება აიცრას კორონავირუსის ვაქცინის "ბუსტერი" დოზით. მისი თქმით, აღარ იქნება ასაკობრივი შეზღუდვები.


"ბუსტერი" დოზა - ეს არის მესამე აცრა, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ადამიანს უტარდება. "ბუსტერ" დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია. ჩვენ ამ კვირაში ამას დავიწყებთ ოფიციალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, "ბუსტერი" დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, ასაკის და დაავადების სტატუსის მიხედვით", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში სპეციალური ჯგუფების "ბუსტერი" დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ცვლილებების შეტანამდე, დამატებითი დოზის გაკეთება შეუძლიათ:

50 წლის და უფროსი ასაკის პირებს (ანამნეზის გარეშე);
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს, მათ მომვლელებს და დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს (ანამნეზის გარეშე);
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს (ანამნეზის გარეშე);
სამედიცინო პერსონალს (ანამნეზის გარეშე);
16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, ქრონიკული დაავადებებით (ანამნეზით).
"ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ", - წერია ბრძანებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google