გურჯაანს გაზის მიწოდება შეუწყდება
ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ხვალ, 17 ნოემბერს დილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მოსახლეობის ნაწილი ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის, ნაწილისთვის კი ცნობილია, რომ გაზის მიწოდება ერთი კვირით უნდა შეწყდეს.

speqtri.ge-მ ინფორმაცია სოკარ ჯორჯია გაზის ცხელ ხაზზე გადაამოწმა. პირველ ეტაპზე ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს, თუმცა, გადამოწმების შემდეგ გვითხრეს, რომ
გეგმიური სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ქალაქ გურჯაანში გაზის მიწოდება ხვალ დილით შეწყდება და ზეგ ჩაირთვება.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ნოემბრის თვეში? - ოპერატორმა გვიპასუხა: „თუ ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები გაქვთ, შეგიძლიათ საჩივრით მოგვმართოთ.“

გაზის სავარაუდო გათიშვასთან დაკავშირებით, საქმის კურსშია გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც, თუმცა, ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი ამბობს, სოკარ ჯორჯია გაზის კომპანიისგან დღის ბოლომდე ელოდება ოფიციალურ შეტყობინებას.

„რამდენადაც მე ვიცი, პარასკევის ჩათვლით იქნება ტექნიკური სამუშაოები და ის სკოლები, რომელთა ტერიტროიაზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, გადავლენ ონლაინსწავლებაზე. ეს არის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა და გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლა. ჯერ არ არის ზუსტად გადაწყვეტილი, რადგან დღის ბოლომდე ველოდები, რომ კომპანიამ უნდა მოგვწეროს წერილი და გაგვაცნოს თავის სამუშაო გეგმა.“ - გვითხრა დალი მინდიაშვილმა.


speqtri.ge-ს ინფორმაციით, ქალაქთან ერთად ხვალ გაზი გაეთიშება სოფელ გურჯაანს, ჭანდარს, ძირკოკსა და ვეჯინს. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.



| Print |
FaceBook Twitter Google