არასრულწლოვნები სასამართლოზე მეორედ აღარ დაიკითხებიან
არასრულწლოვნებთან, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესში მსხვერპლად მოიაზრებიან, ის პირები იმუშავებენ, ვინც სპეციალურ მომზადებას გაივლიან, რათა მოზარდები მეორადი ვიქტიმიზაციისგან დაიცვან.

ცვლილება არასრულწლოვანთა კოდექსში შევა, რაც იმას გულისხმობს, რომ ხანგრძლივი სტრესული რეაქციები ბავშვისთვის უფრო არ გამწვავდეს იმ სისტემების მხრიდან, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ პიროვნებებს კრიზისის დროს დაეხმარონ. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში დაგეგმილია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუკი აუცილებლობა არ იარსებებს, რომ არასრულწლოვანი მსხვერპლის განმეორებით დაკითხვა მოხდეს სასამართლო სხდომაზე, ასეთ შემთხვევაში, მეორედ დაკითხვის საჭიროება ამოვარდება დღის წესრიგიდან.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისთვის მოეთხოვებათ სპეციალიზაციის გავლა, ემატება ექსპერტიც, რომელსაც საექსპერტო კვლევიდან გამომდინარე უწევს გამოსაკვლევ არასრულწლოვან პირთან კომუნიკაცია. ექსპერტის ჩანაცვლება შესაძლებელი გახდება კოორდინატორით ან ისეთი პირით, ვისაც არასრულწლოვანებთან ურთიერთობისთვის შესაბამისი განათლება ექნება.

ცნობისთვის, მეორადი ვიქტიმიზაცია შეიძლება ფსიქოლოგიურად უფრო მეტად იყოს ზიანის მომტანი მსხვერპლისთვის, ვიდრე თვითონ ტრავმა. მეორადი ვიქტიმიზაციის წყარო შეიძლება იყოს:

სისხლის სამართლის სისტემა; პრესა/ტელევიზია; ოჯახი; მეგობრები; თანამშრომლები; ნაცნობები; ჯანდაცვის დაწესებულებების თანამშრომლები; სოციალური სამსახურის მუშაკები; სასკოლო მრჩევლები; მასწავლებლები; მსხვერპლთა საკომპენსაციო სისტემა.

| Print |
FaceBook Twitter Google