არავითარი განგაშის საფუძველი არ არსებობს - თეა წულუკიანი
ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო „არავითარი განგაშის საფუძველი“ არ არსებობს.

„შეგიძლიათ იყოთ მშვიდად იმიტომ, რომ როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პაციენტის მართვაში ჩართული ექიმები შესაძლოა, თანხმდებოდნენ, არ ვერ თანხმდებოდნენ და ამისთვის კონსილიუმი არსებობს. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, მთავარია, რომ თავად ექიმები ჩამოყალიბდნენ ერთ კონკრეტულ აზრზე და პენიტენციურ სამსახურს არც ამ შემთხვევაში ექნება მედიკოსების აზრის გათვალისწინების პრობლემა.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე, ან არ ეთანხმებოდე: „შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ, ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას.

| Print |
FaceBook Twitter Google