გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს - ივანე ჩხაიძე
ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი რჩება, ასევე არ მოუმატია იმუნიზაციის მაჩვენებელს.

„პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, ჯერ მოლოდინად რჩება. 60 წელს გადაცილებულთა ფინანსური დაინტერესების და „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების მიუხედავად, ჯერ უცვლელი რჩება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. ამ ორ ფაქტს კიდევ უფრო ამძაფრებს ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი ის თვეებია, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვირუსი / ჩხაიძე /