სასამართლოსთან საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, დავით აღმაშენებლის ხეივანში, საბურთალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება და სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს: "ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით". შსს-ში აცხადებენ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

| Print |
FaceBook Twitter Google