შობის მარხვა დაიწყო
შობის მარხვა დაიწყო. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა.იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება.

იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).
შობის მარხვა, დიდმარხვასთან შედარებით, მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება. საზოგადოდ კი, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: "მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით".
ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისთვის. "როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ".

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შობის მარხვა /