3 წლით მედია ყველანაირი გადასახადისაგან გათავისუფლდეს - საბა ბუაძე
„ლელო“ ინიციატივით გამოდის, რომ 3 წლით მედია ყველანაირი გადასახადისაგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამის საჭიროება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივამაც გამოიწვია, რომელიც აზარტული თამაშების შეზღუდვასა და მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.

„ამ ბიზნესიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი, სატელევიზიო მედიის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 20%-ს შეადგენს და მისი აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მედიას. სინამდვილეში ქართული ოცნება დაინტერესებულია არა აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებით, არამედ მედიისთვის დამატებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნით. ზუსტად ამიტომ, „ლელო“ დროულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.

ამ ინიციატივით „ლელო“ ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა, როდესაც პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სარეკლამო ბაზარს, რომელიც სატელევიზიო მედიის შემოსავლის მთავარი წყაროა. საქართველოში მედია გაცილებით მეტია ვიდრე ბიზნესი. პლურალისტური მედია დღეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგას. სწორედ ამიტომ არის მედია ივანიშვილის ხელისფულების სიძულვილის და თავდასხმების ხშირი ობიექტი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში „ლელო“ მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ეს შეთავაზება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბუაძე / ლელო /