საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვალების 85%, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე მოდის
საქართველოში, სიკვდილიანობის 85% 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე მოდის, 10%-ია 50-დან 60 წლამდე ასაკის კატეგორიაზე, 5%-ია უფრო დაბალი ასაკის მოსახლეობის შემთხვევაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზრდილია, რაც ფინანსური წახალისებებისა და „მწვანე პასპორტის“ შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ წახალისებებმა იმუშავა. 9 ნოემბრიდან, 56 432 ადამიანი აიცრა. დღეში, დაახლოებით, 2 565 მოქალაქე იცრება. უკვე დეკემბერია, 30 დღე კიდევ წინაა. ქვეყანაში, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი, დაახლოებით, 800 ათასია, საიდანაც, დღეს, პირველი დოზით აცრილია 350 ათასამდე ადამიანი, რაც ცოტაა. გარდაცვალების მძიმე მაჩვენებელი კვლავ მაღალია. თუ ამ ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას ვერ მოვახერხებთ, სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული გამოსავლები კიდევ გვექნება. მივმართავ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება იყოს 50-60 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრაზე“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ქვეყანაში 12-15 წლის 2 027 მოზარდია აცრილი, მათგან 122 სრულად. რაც შეეხება 16-17 წლის მოზარდების ასაკობრივ კატეგორიას. საქართველოში ამ ასაკის 11 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

| Print |
FaceBook Twitter Google