განათლების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები დააანონსა
იქმნება მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიული მოდელი, რომელზეც სპეციალისტები უკვე მუშაობენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მან.

მინისტრი შეეხო მოსწავლის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასაც. მისი თქმით, უკვე შემუშავდა და დასამტკიცებლად წარდგენილია საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირების გაძლიერებას დიფერენცირებული სწავლების გზით.

„მოდელის მიხედვით, მოსწავლეს სავალდებულო საგნებთან ერთად შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიოს არჩევითი კურსები, უკეთ მოემზადოს უმაღლესი სასწავლებლისთვის და განივითაროს 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციები.მნიშვნელოვანია, რომ ახლი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასებას. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს“-ამბობს ჩხენკელი.

| Print |
FaceBook Twitter Google