„ფაიზერის“ ვაქცინით აცრის ყალბი საბუთების დამზადების გამო ორი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google