სამოქალაქო პლატფორმა აქციებს იწყებს
სამოქალაქო პლატფორმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პირველ აქციას დღეს ორბელიანის სასახლესთან, 14:00 საათზე გამართავს.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, აღნიშნულ პლატფორმას პოლიტიკურ პარტიებთან შეხება არ ექნება.
„ეს პლატფორმა აერთიანებს ყველას, ვინც ითხოვს „FreeMisha“-ს, მათ შორის არ იგულისხმებიან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მისი პოლიტიკური ოპონენტები არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია და მართლმსაჯულება შერჩევითია მის მიმართ. არ არსებობს სია, ან რაოდენობა ადამიანებისა, ყველა არის ამ პლატფორმის წევრი. პოლიტიკოსებთან არ გვისაუბრია ამ თემაზე, რადგან მათ საკუთარი პლატფორმები აქვთ. სხვადასხვა ტიპის აქციები და აქტივობები დაიგეგმება, პირველი სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან მივდივართ და ვეუბნებით, რომ ის არის ერთადერთი რეალური ბერკეტის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ სიტუაცია განმუხტოს. როდესაც დღეს პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობა უნდა დადგეს, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს შეუძლებელია მანამ სანამ, სააკაშვილი არის ციხეში“, – აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google