ვაქცინაციის მარათონი გურჯაანში აქტიურად გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გურჯაანი ვაქცინაციის საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.

მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს სოფელ კარდენახის ამბულატორიაში პირადად გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი. დღის განმავლობაში, ამბულატორიაში რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე კვირაა იმუნიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტურობის შესახებ აწვდის ამომწურავ ინფორმაციას, რის შემდეგაც ადგილობრივებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

ვაქცინაციის მარათონის მიზანია დეკემბრის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყოს ვაქცინირებული.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google