სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი
საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით
თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში
რეგისტრირებული 9 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2017-2019 წლებში,
ზემოაღნიშნულ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 9 996 280 ლარის
ღირებულების სხვადასხვა სახეობის ჯართის მიწოდების ამსახველი ყალბი
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო
ზედნადებები, რა გზითაც მისსავე მართვის ქვეშ მყოფ მეწარმე სუბიექტებს
შეუქმნა ჯამში 330 615 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების
გადასახადის ყალბი აქტივი, რომლის ნაწილს, 184 748 ლარის ოდენობის
თანხას დაეუფლა თაღლითურად, ხოლო 145 867 ლარი გამოიყენა მიმდინარე
საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად“, - აღნიშნულია უწყების
განცხადებაში.
ბრალდებულის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო
ანგარიშები დაყადაღებულია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე მუხლის მე-3
ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები