კახეთის გუბერნატორი მთვრალი იყო და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გიორგი ბოტკოველი
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, „ქართული ოცნების” შეკრებიდან გამოსული კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოშვილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავოტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ბოტკოველმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა გუბერნატორი, დაზიანებული ავტომანქანაც.


„რამდენიმე დღის წინ კახეთში, ჭავჭავაძის რეზიდენციაში "ოცნებამ” და ლიდერებმა ჩაატარეს დიდი ღრეობა, სადაც შეკრებილები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა ჩინოვნიკები. ვნახეთ, როგორ ზეიმობდნენ იმ დროს, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს. ამ ყველაფრის შემდეგ, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოშვილი მთვრალ მდგომარეობაში წინანდლიდან წავიდა თელავში და ხედავთ რა მდგომარეობაში ჩააგდო სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ავტომობილი. პოლიცია ამ ფაქტს მალავს, ავტომობილიდან მოხსნილია სანომრე ნიშნები, ცდილობდნენ მიეჩქმალათ ეს ფაქტი, თუმცა "ოცნების” შიდა გუნდიდან გამოსული ინფორმაციით, დადასტურებულად ვიცით, რომ კახეთის გუბერნატორი იყო მთვრალი. მივიდა თელავის კლინიკაში, სადაც ექიმებს მოატყუა, თითქოს დაგორდა კიბიდან და იქ მიიღო მცირე დაზიანებები. მოვითხოვ შსს-სგან, გამოაქვეყნონ იმ კონკრეტული ფაქტის დროს გუბერნატორის ალკოტესტის შედეგები, სადაც უტყუარად დადასტურდება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Speqtri.ge ირაკლი შიოშვილთან დაკავშირებას ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |
FaceBook Twitter Google