ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება.

ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google