არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
კერძოდ, ამ ცვლილებების თანახმად, არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში. შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 152 პირი მიეცა, მათგან 114 არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულშია მხილებული.

| Print |
FaceBook Twitter Google