სუს-მა კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს ,,სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. “- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google