დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება
საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში, დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია დაესწრება.
დელეგაციის წევრებს შორისაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს.

საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ექსპო 2020 დუბაიზე ოფიციალური ცერემონიალით გაიხსნება, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი სიტყვით გამოვა.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სუხიშვილების ბალეტისა და ანსამბლ „ბასიანის“ ფოლკლორული ნომრები, ასევე გაეცნონ ქართული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია გორის ქალთა გუნდის კონცერტი, ხოლო საღამოს დასკვნით ღონისძიებად „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში“ სუხიშვილებისა და „ბასიანის“ გალა-კონცერტი გაიმართება.

„ექსპო 2020 დუბაიში“ მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google