თბილისში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან 60%, რეგიონებში კი - 30% „ომიკრონია“- ამირან გამყრელიძე
„ომიკრონის“ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში არის, დაახლოებით, 45%-ის ფარგლებში - 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისივე ინფორმაციით, „ლუგარში“ „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 951 შემთხვევაა, საიდანაც 621 შემთხვევა უკვე შესწავლილია. შესწავლილი შემთხვევების მიხედვით, „ომიკრონის“ გავრცელების საშუალო ასაკი არის 32-33 წელი.

„ეპიდსიტუაცია მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზეა ანუ თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. გუშინ ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან, რამდენი დასტურდება „ომიკრონზე“ და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში „ომიკრონის“ არის, დაახლოებით, 45%-ის ფარგლებში - 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში, რაც მთავარია, ის არის მზარდი და საკმაოდ სწრაფად მზარდი, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამასთან ერთად, რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა ჩვენთან ლაბორატორიულად „ლუგარში“ დადასტურებული და აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი, ვისაც ტელეფონით დაუკავშირდნენ ან შეხვდნენ, შესაბამისად ღრმა ეპიდკვლევა ჩაატარეს და ვიცით ამ 621 ადამიანის შესახებ მონაცემები. საშუალო ასაკი მათი არის 32-33 ანუ ძირითადად ახალგაზრდები არიან, აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლების, აქედან 5 წლამდე ასაკის იყო -13 და მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% არის საქართველოს მოქალაქე დანარჩენები არიან უცხოელები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს შორისაც არის საკმაოდ ბევრი შემოტანილი შემთხვევა, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. 11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აქედან უპირატესად თანმხლები დაავადებებით, მათგან 7 უკვე გაეწერა და 4 რჩება ჯერჯერობით ჰოსპიტლებში, არც ერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია. ძირითადად, ეს შემთხვევები მიდის „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს,“- განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google