ლაგოდეხში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე, 38 წლის გ.ბ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

ნონა ჭაბაშვილი გარდაცვლილი სახლში გუშინ იპოვეს, სადაც ის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google